ALL დაიჯესტი

უცნობი თბილისელი მხატვრის ბენო ტელინგატერის მიერ მოხატული ორი სადარბაზოს ისტორია

ძველი თბილისის კედლის მხატვრობა

მეცხრამატე საუკუნის მულტიკულტურულ თბილისში მხატვრები საზოგადოების გამორჩეულ სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ.  ტფილისელი მხატვრები ორ კეტეგორიად იყოფოდნენ:  ესენი იყვნენ ზემო (ახალი) და ქვემო (ძველი) ქალაქის მხატვრები. ზღვარი ძველსა და ახალ თბილისს შორის შუა ბაზარზე,  დაახლოებით, დღევანდელი ლესელიძის ქუჩაზე გადიოდა. ამ ქუჩის ქვემოთ, როგორც წესი, მხატვარს აკადემიური განათლება არ ჰქონდა, წერა – კითხვას მხოლოდ აბრების დასაწერად თუ იყენებდა.  შუა ბაზრის ზემოთ, ანუ თბილისის ევროპულ ნაწილში მხატვარი გამოირჩეოდა იმით, რომ ევროპულ კულტურას იყო ნაზიარები  და შესაბამისად, მისი მხატვრული წერის მანერაც ახლოს იყო დასავლურ, რეალისტური ტიპის მხატვრობასთან.

1850-70 – იან წლებში  ზემო ქალაქში სადარბაზოიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მასიურად დაიწყეს. ამავე წლებში გაშენდა გოლოვინისა (რუსთაველის) და მიხეილის (დავით აღმაშენებლის ) გამზირები. ორივე ქუჩა დასავლური  სტილის ნაგებობემა მოიცვა. სადარბაზოიანი შენობების არსებობა თბილისში  ევროპული არქიტექტურის გავლენის მნიშვნელოვანი დეტალი იყო.

უშუალოდ სახლის ექსტერიერის შესაბამისად, სადარბაზოს ინტერიერიც შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. ეს კი, ნიშნავდა, რომ სადარბაზოები თემატურად ან სხვადასხვა გეომეტრიული ორნამენტით უნდა გაეფორმებინათ. კედლის მოხატულობა მდიდრულობასთან ერთად ხშირად სახლის მფლობელის მსოფლმხედველობაზეც მეტყველებდა. ამიტომ სტუმრის შესვლისთანავე  ვესტიბიულს სახლის მეპატრონეზე გარკვეული შთაბეჭდილება  უნდა შეექმნა.

არსებობდა ორი სტილის სადარბაზოს  მოხატულობა – შემკულობა. პირველი ეს იყო ფსევდორენესანსულ – ბაროკალური მოტივები, რომლის მხატვრობაც გამოირჩეოდა  ალეგორიული გამოსახულებებით. ასეთი ტიპის სადარბაზოებში ჭარბობს რელიეფები და ხშირად კედლები დანაწევრებულია პილასტრებით. მეორე ტიპის სადარბაზოები მინიმალისტური სტილის ჰოლებია, სადაც  კედლები მხოლოდ ორნამენტებითაა მორთული, ყოველგარი დეკორატიული დატვირთვის გარეშე. ასეთ სადარბაზოებში  მთავარი აქცენტები კიბისა და კარის  მოპირკეთებაზე კეთდებოდა. მე-19 თბილისში ასევე არსებობდა აღმოსავლური მოტივებით გაფორმებული სადარბაზოებიც.

ბენო ტელინგატერის პანოები

„А теперь и кинематографы, все на Михайловском проспекте – “Одеон”, “Мулен-Электрик” и новый “Аполло”, его расписывает Бенедикт Телингатер, просто Бено, красавец мужчина! Нет, кажется, “Аполло” расписывает итальянец Долижани, а Бено роскошный дом рыбопромышленника Абазова на том же Михайловском“. – წერდა თბილისში მცხოვრები რუსი გენერლის ქალიშვილი ირინა ბერხმანი თავის გიმნაზიელ მეგობარს.

მხატვარი ბენედიქტ ტელინგატერი  1876 წელს დაიბადა.  ტელინგატერი ეთნიკურად ებრაული წარმოშობის  იყო. ის, როგორც ჩანს, „ზემო ქალაქის“ მხატვართა წრეში ტრიალებდა ე.ი. მუშაობდა თბილისის ევროპულ ნაწილში.  ბენო ტელინგატერი ოსტატის ამპლუასაც ხშირად ითავსებდა და  გარკვეული ნაცნობობითა და ავტორიტეტითაც კი, სარგებლობდა.  ამის დასტურია  თვითნასწავლი მხატვრის ივანე ვეფხვაძის მოგონებები, სადაც წერს : “მამაჩემი იმედს არ კარგავდა ჩემთვის მხატვრობა შეესწავლებინა. ეძებდა კარგ ხელმძღვანელს. იგი კვლავ წააწყდა ერთ მომცრო ტანის კაცს, რომელიც კედელზე ანგელოსებსა და ყვავილებს ხატავდა. მივიდა მასთან და სთხოვა შეგირდად ავეყვანე.  მხატვარი დათანხმდა. ეს კაცი, გვარად ტელენგატორი, „ბენოს“ სახელით იყო ცნობილი…”

გავა დრო და ბენო ტელინაგატერის სადარბაზოს მოხატულობაში გამოიკვეთება ერთი თემა, სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანების ყოფა-ცხოვრება, რომელიც მხატვრის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდება.  თბილისში ასეთი მოხატულობის ორი სადარბაზო გვხვდება. აღმაშენებლის 93 ნომერში ძმები აბაზოვებისა და სოლოლაკის რაიონის, გალაკტიონ ტაბიძის 18-ში  ძმები სეილანოვების სახლები.  მოხატულობის იდეა არის ალეგორიულად გადმოცემული დედამიწის მოდელი, სადაც  თავს იყრიან განსხვებული რასისა თუ კულტურის ადამიანები.  ორივე სადარბაზოს მოხატულობა ერთგვარი მიკროკოსმოსის შთაბეჭდილებას ტოვებს. მხატვრობას რაც შეეხება, ფიგურების ფორმა რეალისტურია, პალიტრა- ინტენსიური,  შესრულების მანერა – კლასიკური.

აღმაშენებლის 93 – ში  პეიზაჟების ფონზე ადამიანებისა და ცხოველების  გამოსახულება არის ერთგვარი ეგზოტიკური სამყარო, რომელიც ერთი მხრივ, თვალისმომჭრელია და მეორე მხრივ, სახლის მფლობელის თევზითმოვაჭრე აბაზოვის მსოფლმხედველობაზეც გვიქმნის წარმოდგენას. ვაჭრებისთვის საუკეთესო სოციალური და ეკონომიური გარემო, ხომ მრავალმხრივი კონტაქტებია. ამით აბაზოვის სახლი ერთგვარი კოსმოპოლიტური იდეის მატარებელიც კი არის.

აბაზოვების სახლის სადარბაზოს პანო

აბაზოვის სახლის სადარბაზოს მოხატულობა,  სავარაუდოდ, ზეთის საღებავის ტექნიკაშია შესრულებული.  პანოების გარდა, გვხვდება ჭერის მოხატულობა – პლაფონი.  ბოლო სართულის ჭერი ორნამენტებითა და ანგელოზების გამოსახულებებითაა გაფორმებული, რომლებიც ამურის ალეგორიული სახეებია.

აბაზოვების სახლის სადარბაზოს პლაფონი

სამრეწველო საქმიანობით დაკავებული ძმები სეილანოვების სახლის სადარბაზოს პანოებზეც ანალოგიური სცენებია გვხვდება.  სავარაუდოდ, მხატვრობა აქაც ზეთის ტექნიკაშია შესრულებული. პანოებზე პეიზაჟის ფონზე ყოფითი სცენებია გამოსახული.

სეილანოვების სახლის სადარბაზოს პანო

ამ ორი  სადარბაზოს მოხატულობას შორის კიდევ არის ერთი მსგავსება. ეს არის სიმბოლო – ორნამენტები, რომელიც სახლის მფლობელების ინიციალებს შეიცავს.

აბაზოვების სახლის სადარბაზო
სეილანოვების სახლის სადარბაზო

 

აბაზოვისა და სეილანოვის სახლები ფსევდო-ბაროკალურ სტილს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ სადარბაზოში შესვლისთანავე მუდმივად მაჟორული განწყობა იგრძნობა. დეტალების სიუხვე, დინამიკა,  მხატვრობის თემატიკა, რომელიც  ეგზოტიკურიცაა და ამავდროულად, არის მხატვრის ორიგინალური მიგნება, მაშინდელი ტფილისისთვის მორიგ სიახლეს წარმოადგენდა.

საბჭოთა სტილი

საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ  მრავალფეროვანი კულტურით სავსე ქალაქი  პროგრესს წყვეტს. დროთა განმავლობაში მკვიდრდება საბჭოთა სოც.-რეალისტური მეთოდი, რაც გიგანტომანიურ არქიტექტურას და შენობების ერთფეროვან ინტერიერს გულისხმობს. ფერწერული პანოები, ევროპული მხატვრული სტილი, რომელიც აღმოსავლურ სტილთან ერთად  თბილისურ ეკლეკტურ კულტურას ქმნიდა აიკრძალა, ხოლო  “ბურჟუაზიული სტილის” სადარბაზოები ერთ ტონალობაში – ნაცრისფრად გადაიღება.

თუმცა, აქ არ წყდება ბენო ტელინაგატერის შემოქმედება. ოფიციალური მონაცემებით, როგორც, ვაშინგტონის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის მიერ  გამოქვენყებულ მასალებით ირკვევა  მხატვარი ოჯახთან ერთად  1910 წელს ბაქოში გადასახლდა. თუმცა, ტაბიძის ქუჩის სადარბაზო 1911 წელსაა მოხატული, ამიტომ საგულისხმოა, რომ სეილანოვების სადარბაზოს მოხატულობა სხვამ დაასრულა, შესაძლებელია მისმა მოსწავლემაც კი. თუმცა, არც ის  არის გამორციხული, რომ სადარბაზო მან მოხატა და ამის შემდეგ გაეგმზავრა აზერბაიჯანში, სადაც, როგორც ცნობილია, ბაქოს გასაბჭოებამდე სხვადსხვა სატირულ ჟურნალში კარიკატურისტად მუშაობდა.

1920 წლიდან ანუ, საბჭოთა აზრბაიჯანის რესპუბლიკის შექმნის თარიღიდან,  ახალმა ხელისუფლებამ მოითხოვა საბჭოთა  საფოსტო მარკების გამოშვება.  მთავრობამ მარკების დიზაინი სწორედ  ტელინგატერს დაუკვეთა. ბენო ტელინაგატერის საბჭოთა მარკები ნაბეჭდი ლითოგრაფიის საშუალებით მონაცრისფრო ქაღალდზეა შესრულებული. მანამდე, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მარკებზე ისტორიული თემატიკის გამოსახულებები ჭარბობდა.

ბენო ტელინგატერის მარკები კი ტიპურად საბჭოთაა. მარკებზე გამოსახულია ქარხნები ნამგალი და უროს სიმბოლიკით, კასპიის ზღვა, სადაც სამრეწველო საქმინობაა გაჩაღებული.

ბენო ტელინგატერის მიერ შექმნილი საბჭოთა საფოსტო მარკები

მნიშვნელობა საფოსტო მარკების სიმბოლიკას მიენიჭა და არა მხატვრულ მხარეს. მიუხედავდ იმისა, რომ  მარკების დიზაინი გამარტივებულ გამოსახულებას გულისხმობს, ტელიგანტერის  წერის მანერაში სოც.- რეალისტური „ხისტი“ ხაზობრივობა შემოვიდა. საბოლოოდ, მოქნილი კარიკატურისტის კალმიდან, საბჭოთა სიმბოლიკით დატვირთული,  საფოსტო მარკების მშრალი გრაფიკული გამოსახულება მივიღეთ.  ბენო ტელინგატერის შემოქმედებაში, კი ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც, რა თქმა უნდა, საბჭოთა კონიუქტურის ქვეშ მოექცა.


Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close